სერგო ქობულაძე 

პერსონალური საიტი

  • სერგო ქობულაძე (1909-1978 წ.)
  • გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი, ფერმწერი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი (1958 წ.)
  • სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1958 წ.)
  • შოთა რუსთაველის პრემიის ლაურიატი (1976 წ.)
მთავარი
ბიოგრაფია
შემოქმედება
ოქროს კვეთა
სახელოსნო
გალერეა
ფორუმი
 

შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

 
 

1932-1933 წლებში სერგო ქობულაძე მუშაობდა საუკეთესო ილუსტრაციებზე-"შექსპირის ტრაგედიები" "ანტონიოსი და კლეოპატრა", "მეფე ლირი". ვეფხის ტყაოსნის ილუსტრაციები შექმნა რუსთაველის იუბილესათვის, რომელიც 1937 წელს იზეიმეს. საიუბილეო გამოცემებისათვის ნახატების სერიები შეასრულეს თ. აბაკელიამ, ი. თოიძემ და ს. ქობულაძემ, ხოლო მათზე უფრო ადრე ლადო გუდიაშვილმა.

      თითოეულმა მხატვარმა თავის ილუსტრაციებში ხაზი გაუსვა იმ მომენტს, რომლებიც მის მხატვრულ ხასიათს და შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. სერგო ქობულაძემ ყურადღება გაამახვილა საგმირო მხარეზე, კომპოზიციის აგების პრინციპი მონუმენტურობას და პირობითობას ქმნის. მოქმედება უმთავრესად ერთ პლანზე ხდება, ფიგურები ქვისგან გამოკვეთილ რელიეფს ემსგავსება. ეს შთაბეჭდილება ძლიერდება თითქმის სკულპტურულად გამოძერწილი მკაფიოდ გამოძერწილი, მკაფიოდ დამუშავებული ფორმების წყალობით. ადამიანის გამოსახულებას კომპოზიციაში მთავარი ადგილი ენიჭება. არქიტექტურა, პეიზაჟი გამოყენებულია როგორც ფონი. ილუსტრაციების მონუმენტური გადაწყვეტა პერსონაჟთა დახასიათებაში გმირული თვისებების ხასგასმას ემსახურება. შესრულებული ბრწყინვალე ტექნიკა გამოარჩევს ამ ნახატებს და განსაზღვრავს მათ შთაბეჭდილებას.

1939-1940 წლებში. რუსთაველის პოემის ილუსტრაციების შემდეგ, სერგო ქობულაძემ შეასრულა ორი კომპოზიცია რუსული ეპოქისათვის, "ამბავი იგორის ლაშქრობისა" 1939-1940 წლები. ნიშანდობლივია რომ, მხატვარი ირჩევს ისე ნაწარმოებებს, რომელიც მას გმირების სიდიადის ჩვენების საშუალებას აძლევს, ამ შემთხვევაში შემოქმედი ხაზს უსვამს მოვლენების უჩვეულობას, მათ ამაღლებულ ხასიათს: მრავალფიგურიან კომპოზიციებში ყურადღება მახვილდება, არა რომელიმე ერთ გმირზე, არამედ თვით მოვლენის სიდიადეზე: ერთ შემთხვევაში-ბრძოლის მოლოდინი, მეორეში-რუსი მეომრების მედგარი, მიზანდასახული შეტევა, ყივჩაღებთან ბრძოლისას, მაყურებელი უპირველეს ყოვლისა, აღიქვამს პლასტიკური ფორმების გამომხატველობას და მოძრაობის ერთიანობას, დეტალების ვირტუოზული დამუშავება, საერთო შთაბეჭდილების შექმნას ექვემდებარება. დიდი ოსტატობითაა გამოყენებული ფერი, პირობითი წითელი ფონი ასოციაციას იწვევს ძველ მინიატურებთან, პეიზაჟის პირობითი გაგება და დეტალების დამუშავება ამ ილუსტრაციებს დეკორატიული სურათების ხასიათს აძლევს.

1946 წლს შექმნა "მეფე ლირი"  შექსპირის ტრაგედიებმა არა ერთხელ მიიზიდა მხატვრის ყურადღება. 30-იან წლებში, როგორც მან შექმნა 4 ილუსტრაცია შექსპირის ტრაგედიების ორტომეულისათვის. აღსანიშნავია რომ ილუსტრაციებში მხატვარმა, გმირების მოქმედება როდი დაიყვანა უბრალოდ თხრობამდე, მან შეძლო ტრაგედიის მონუმენტურობის გადმოცემა; ნახატებს შეუნარჩუნა ის დაძაბულობა და სიდიადე, რომელიც შექსპირის ქმნილების ყოველ მოქმედებაში გამოსჭვივის. ნახატებს თავისებურ ხასიათს ანიჭებს ის, რომ მხატვარი თითქოს ხაზს უსვამს ილუსტრირებულ ნაწარმოების კავშირს თეატრთან. იგრძნობა რომ, ილუსტრაციების ავტორი თეატრის მხატვარიცაა. ამ თვალსაზრისით  განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახატები: "კორდელიას განდევნა", "ლირი გლოსტერის სასახლეში", "ლირი და კორდელია", ფურცლის ქვედა ნაწილი ფიგურებს უკავიათ, ხოლო ზედა-აქსესუარებს, ერთი და იმავე ადგილას რჩება ფარდა, რაც აგრეთვე, თეატრის ასოციაციას იწვევს, ეს თეატრალურობა დრამატული ნაწარმოების დასურათების თავისებურ მხატვრულ ხერხად უნდა მივიჩნიოთ.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ შეასრულა საზეიმო ფარდა (1960) რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა. მარტო ესკიზზე მუშაობას რამდენიმე წელი მოანდომა, (გააკეთა სხვადასხვა ვარიანტი), შემდეგ კი თვითონვე განახორციელა ესკიზი, გამოიყენა მრავალფენიანი ფერწერის ტექნიკა. მიუხედავად დეტალების გულდასმით დამუშავებისა, შენარჩუნებულია კოლორიტული მთლიანობა, მონუმენტალურობა, მიღწეულია ფარდის განსაკუთრებული, თეატრალურად საზეიმო ხასიათი.

სერგო ქობულაძე ჩინებული პორტრეტისტი იყო, ავტოპორტრეტში იგრძნობა მხატვრის სერიოზული დამოკიდებულება ნატურისადმი, ავტორი ცდილობს ფსიქოლოგიურად ღრმად ჩაწვდეს და აამეტყველოს იგი. სერგო ქობულაძის სწრაფვა ფართო განზოგადოებისაკენ, იდეალიზაციისაკენ ნათლად გამოსჭვივის ქალიშვილის გრაფიკული და ფერწერული პორტრეტებიდან. დიდ მოაზროვნე სახეების გალერეადან.

ასევე გამოირჩევა სერგო ქობულაძის ტემპერით შესრულებული სერია: კრიმპილდა,  ქალი სურით, ქალი, ესკიზი - ფრაგმენტი და ა.შ. ისინი გვხიბლავენ ქობულაძისთვის უჩვეულო გადაწყვეტითა და ხედვით. თამამი რაკურსით წარმოდგენილი ძლიერი, ენერგილული ფორმები. გაბედულად ერწყმის სხეულთა დისპროპორციულობას. განზოგადებულ სახეებიდან, თვალთა ბნელი ჭრილიდან ყოვლისმომცველი ენერგია იღვრება. ამ ტილოებში გამოხატულებას პოულობს ბოლო წლების ფორმათაძიების პროცესი. ისინი მხატვრის შემოქმედებაში ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელსაც ჩამოყალიბება აღარ ეწერა.

 

 
     

ოპერის საზეიმო ფარდა

სახელოსნოში

Хостинг от uCoz